English / ქართული /








Journal number 4 ∘ Sopio Bakuridze
Peculiarities of Integration Relationships on the Regional Medical Services Market

Current transformational processes over the last three decades in the country, which took place in the social-economic sphere of the state, caused fundamental changes in the field of medical service too. Requirements of market-economic changes, like various fields, in the field of medical service it has caused the need for searching innovative ways of solving and developing problems. Besides the state medical institution existing in the non-market economic system, which has free medical care for the population, appeared private medical institutions, which have moved to paid services.

However, in the modern stage in the, market economy system it is not still perfect social and economic relations between the private and state sectors of medical area. In the conditions of a particularly complicated socio-economic background, when the rate of service growth is low, the country’s budget is scarce, prices are high including the price of medicines, the index of unemployment is high too, it’s not perfect the protection of food and environment safety standards.

Massive insurance for social and health, of course, the operating system of medical service makes it ineffective. The essence of raising personal and public welfare of medical service states in the processing of practical instruments of integration between the state and private regional health care system; Working out the mechanisms for revising the cluster integration system, effective ways to coordinate activities for the subjects playing in the medical area, the use of effective methods of management of a separate medical institution, increasing access to health care, targeted use of existing investment and other recourses.

Keywords: Integration; Partnership; Private and State Ownership; Unregistered Medical Service; Globalization; Franchising; Virtual ccompensation; Values Information Network.

JEL Codes: I10, I11, I18

ინტეგრაციული ურთიერთობების თავისებურებები რეგიონული სამედიცინო მომსახურების ბაზარზე

უკანასკნელ ათწლეულში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში მიმდინარე ტრანსფორმაციულმა პროცესებმა ფუნდამენტური ცვლილებები გამოიწვია სამედიცინო მომსახურების სისტემაშიც. საბაზრო-ეკონომიკური ცვლილებების მოთხოვნილებებმა, სხვადასხვა დარგის მსგავსად, სამედიცინო მომსახურების სფეროშიც განაპირობა პრობლემის გადაჭრისა და განვითარებისათვის ინოვაციური გზების მოძიების აუცილებლობა, რასაც ეძღვნება წინამდებარე სტატია.

საკვანძო სიტყვები: ინტეგრაცია; პარტნიორობა; კერძო და სახელმწიფო საკუთრება; რეგიონული სამედიცინო მომსახურება; გლობალიზაცია; ფრანჩაიზინგი; ვირტუალური კოოპერაცია; ფასეულობათა საინფორმაციო ქსელი.

არასაბაზრო ეკონომიკურ სისტემაში არსებული სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების გვერდით, რომლებიც უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევდნენ მოსახლეობას, გაჩნდა ფასიან მომსახურებაზე მყოფი კერძო სამედიცინო დაწესებულებები. თუმცა დღეისათვის საბაზრო ეკონომიკურ სისტემაში ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი, ნდობის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილი სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობები სამედიცინო სფეროს კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის.

განსაკუთრებით გართულებული სოციალ-ეკონომიკური ფონის პირობებში, როდესაც დაბალია მომსახურების განვითარების ტემპები, მწირია ქვეყნის ბიუჯეტი, მაღალია ფასები(მათ შორის მედიკამენტები), მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, სრულყოფილად ვერ ხერხდება სურსათისა და გარემოს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, სოციალური და ჯანმრთელობის მასობრივი დაზღვევა, რა თქმა უნდა, დაბალეფექტიანია სამედიცინო მომსახურების მოქმედი სისტემაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო და სახელმწიფო სამედიცინო მომსახურების ოპტიმალურ შეხამებას, ასევე, კერძო რეგიონული სამედიცინო მომსახურების ფირმათშორისი ინტეგრაციის სისტემის ფუნქციონირების მექანიზმების შემუშავებას, სამედიცინო სფეროში მოთამაშე სუბიექტების საქმიანობის ეფექტიანი კოორდინირებული გზების დასახვას, ცალკეულ სამედიცინო დაწესებულების მართვის ეფექტიანი მეთოდების გამოყენებას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ამაღლებას, არსებული საინვესტიციო და სხვა რესურსების მიზნობრივ გამოყენებას და ა. შ.

შესასწავლი პრობლემის ზოგიერთი სპეციფიკა

გლობალიზაციის პროცესების აქტიური მოქმედების ეტაპზე, ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც მნიშვნელოვნად შეიცვალა მიდგომები ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ინსტიტუციური, სისტემური, ორგანიზაციული, ტექნიკური და სხვა მიმართულებით. საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის, პროფილაქტიკის, სამკურნალო, გამაჯანსაღებელი, კლინიკური, სადაზღვევო და სხვა დაწესებულებების ფუნქციონირება სულ უფრო უახლოვდება ევროდასავლურ სტანდარტებს. ასევე, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოყენების შესაბამისად, აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებებში მზადდება შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ უფრო სრულყოფილი ხდება ამ სფეროს მორალური და სოციალური მახასიათებლები.

შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში სხვადასხვა საბაზრო ფაქტორის რაციონალური მართვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჯანდაცვის სფეროს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის. აღნიშნულის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ჯანდაცვის სისტემის, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციები გაწეული სამედიცინო საქმიანობის მიხედვით გამოირჩევა მომსახურების სახეთა სპეციფიკური მრავალმხრივობით.

აღნიშნული მიმართულებით საინტერესო კვლევებია მოცემული არაერთი უცხოელი და ქართველი მეცნიერის, პრაქტიკოსის შრომებში. კვლევების მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე, დღემდე სრულად ვერ გაშუქდა სამედიცინო სფეროს სუბიექტებს შორის ურთიერთდამოკიდებულებისა და ინტეგრაციული პროცესების, ცალკეული სპეციალიზებული თუ კომპლექსური სამედიცინო დაწესებულებების მართვის საკითხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტატიის მიზანია როგორც თეორიული პრინციპების, ასევე პრაქტიკული მექანიზმების შესწავლა და ანალიზი სამედიცინო სისტემის მოდერნიზაციის თვალსაზრისით, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. ამასთან, მთავარია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების პარტნიორობის სისტემური განვითარების ღონისძიებებისა და პრიორიტეტების დასახვა.

სამედიცინო მომსახურება, ერთი მხრივ, შეიცავს საქონელბრუნვის ნიშნებს, რაც აკმაყოფილებს ინდივიდების კერძო მოთხოვნებს საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. მეორე მხრივ კი წარმოგვიდგება საზოგადოებრივ არამატერიალურ რესურსად, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა. ე. ი. სამედიცინო მომსახურეობას თავისი არსით მოიცავს როგორც საზოგადოებრივ, ასევე ინდივიდუალური კეთილდღეობის მახასიათებლებს.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო მომსახურების მრავალმხრივობა და მასშტაბურობა ვლინდება მის სასარგებლო ეფექტებში, მათ შორის როგორც ცალკეული პიროვნების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, ასევე, საზოგადოების სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ აღნიშნული თავისებურებები განასხვავებს სამედიცინო მომსახურების ბაზარს სხვა სახის მიმართულებებისაგან.

განსაკუთრებული თავისებურებაა ისიც, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი არ არის უშუალოდ დამოკიდებული ეკონომიკურ ფაქტორებზე. სწორედ აღნიშნული განაპირობებს ამ სფეროში მომსახურების შედეგის შეფასების შესაძლებლობის დაყოვნებას, ანუ შედეგის დადგომამდე მოქმედებს ისეთი კატეგორია, როგორიცაა ნდობის ფაქტორი. აღნიშნულის შესახებ პირველად გამოთქვა აზრი ფ. ნელსონმა როცა დაახასიათა სხვადასხვა მომსახურებისა და საქონლის სპეციფიკური ჯგუფები, მათ შორის სამედიცინო, კონსალტინგური, განათლების, სამეცნიერო და სხვა სფეროები[1, გვ.224].

ნდობა გამოიხატება კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ან ექიმის მიმართ, რომელიც არაერთი ალტერნატიული მოდელიდან ინდივიდს სთავაზობს ერთ-ერთს, რომელიც მიჩნეული იქნება ყველაზე ეფექტიან ვარიანტად, რომელსაც ჰქონდა მრავალჯერადი შედეგი.

მომსახურების შედეგი ფორმირდება მაშინ, როცა ინდივიდი ფაქტობრივ (რეალურ) მომსახურებას შეადარებს მისთვის სასურველ, ჯერ კიდევ იდეაში არსებულ მოსალოდნელ მომსახურებას.

სამედიცინო მომსახურების ბაზრის თავისებურებაა ის, რომ თავისთავში მოიცავს ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებელი - კერძო და სახელმწიფო სამედიცინო მომსახურების სეგმენტების ერთიანობას. ამ სფეროს ორმაგი ეკონომიკური ბუნება სულაც არ გამორიცხავს საკუთრების ორივე ფორმით ფუნქციონირებას, ამავე დროს იქმნება საზოგადოებრივად საყურადღებო აუცილებლობა ორივე სექტორის ინტეგრაციული პრინციპებით თანამშრომლობის თაობაზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ მთლიან სამედიცინო მომსახურეობაში მნიშვნელოვნად იზრდება კერძო სექტორის წილი.

ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა სახელმწიფო და კერძო სამედიცინო მომსახურების სტრუქტურა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (იხ.ცხრილი):

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო მომსახურების ზოგიერთი მაჩვენებელი 2013-1016 წლებში [2]

ცხრილი 1

ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, რომ აღნიშნული მიმართულებით განვითარების ტენდენცია შედარებით დადებითია კერძო სექტორში. ბუნებრივია, მთავარი პრობლემა ქვეყნის ბიუჯეტის სიმცირეა. თუმცა, ვფიქრობთ, ძირითადი სირთულეა ის, რომ როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე რეგიონის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურების სფეროში შესამჩნევად დაბალია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინტეგრაციისა და კოორდინირებული მუშაობის ხარისხი, რაც უარყოფითად აისახება მთლიანად სამედიცინო მომსხურების სფეროს განვითარებაზე, განსაკუთრებით მთის რეგიონში, სადაც მოსახლეობა ხასიათდება უკიდურესად დაბალი შემოსავლებით, უმუშევრობის მაღალი დონით, სოფლების უმეტესობა კი გაფანტული და მცირერიცხოვანია.

მსოფლიო გამოცდილება მოწმობს, რომ ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის მიხედვით ურთიერთზემოქმედებს სამედიცინო, სადაზღვევო და ინფორმაციული მომსახურება. კომერციული და სახელმწიფო სექტორის ურთიერთქმედება სცილდება ეკონომიკურ ჩარჩოებს. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო და კერძო სამედიცინო ბიზნესის რესურსების ოპტიმალურ, მიზანმიმართულ გამოყენებას.

სამედიცინო დაწესებულებები კონტრაქტული პრინციპებით, ხშირ შემთხვევაში, ფუნქციონირებენ არამატერიალური სტაბილურობისა და ხანგრძლივობის პირობებში. მათი თავისებურება განისაზღვრება სამედიცინო მომსახურეობის ხარისხითა და ფასების ხელმისაწვდომობით, რაც დანახარჯების შემცირების, ინფორმაციული წვდომის, მონოპოლიურობის აღმოფხვრის და კონკურენტუნარიანობის ზრდის საშუალებას იძლევა. ყოველივე ეს აისახება ვერტიკალურ ინტეგრაციულ ქსელში, გლობალური, რეგიონული, ლოკალური ინფრასტრუქტურის საავადმყოფოებისა და ამბულატორიულ-პრევენციული ქსელის ფინანსურ, მატერიალურ-ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფაში. ასევე, სამედიცინო სისტემის მოქნილი და მობილური მართვის მექანიზმების ფორმირებაში.

სამედიცინო სისტემაში შემავალი ტერიტორიული და საოჯახო საავადმყოფოების, პოლიკლინიკებისა და კერძო სამედიცინო მომსახურების დაწესებულებათა განვითარებითა და ინტეგრაციული პრინციპების ზემოქმედებით ხდება ჯანმრთელობის ქსელის ინსტიტუციური გარდაქმნისა და მოთხოვნილების მიხედვით მართვის დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფა.

სწორედ სახელმწიფო და კერძო სექტორის კოორდინირებული მიდგომა, საქმიანობის ინტეგრაცია, პრიორიტეტულ სფეროებში ინვესტიციების კონცენტრაცია, სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქციების უზრუნველყოფა და სამედიცინო ბაზრის განვითარების ხელშეწყობა ეფექტიანი შედეგების მიღწევის მიმართულებით, მოითხოვს სამედიცინო საქმიანობის მენეჯმენტის აპრობირებული მეთოდებისა და პრინციპების გამოყენებას, განსაკუთრებით აჭარის რეგიონის დონეზე, მისი არაერთი სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებას [2, გვ.33-40].

მსოფლიო პრაქტიკაში სამედიცინო სფეროს ეფექტიანი მომსახურეობისათვის ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სეგმენტის ინტეგრაციული ურთიერთქმედების სტრატეგიები. აღნიშნული, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის მარტო ფინანსური საკითხებით არ შემოიფარგლება. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკადრო, ტექნიკური უზრუნველყოფის, კლიენტთა კონკრეტული მისწრაფებების, სამედიცინო დახმარების სამსახურების, ფასების საკითხების კოორდინირებას, სამედიცინო ობიექტების განლაგებას, ძირითადი პროფილის განსაზღვრას და სხვა.

გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ინტეგრაციული ურთიერთობების პირობებში ფინანსდებოდა სამედიცინო სფეროს საბოლოო შედეგები და არა საწარმოო რესურსები ამიტომაც აღნიშნული ობიექტებისათვის აუცილებელია მოსახლეობის მოთხოვნების, სხვადასხვა მიმართულების პაციენტთა ნაკადების, რესურს-დამზოგი და უკეთესი შედეგის მომტანი ალტერნატივების შესწავლა.

ამ მიმართულებით დიდია აშშ-ს გამოცდილება, სადაც სამედიცინო ობიექტების ინტეგრაციულმა პროცესებმა ფართო მასშტაბი მიიღო XX ს. 70-იანი წლების ბოლოს და წარიმართა რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე დაიწყო ჰორიზონტალური ინტეგრაცია, რაც გულისხმობდა მულტისაავადმყოფოების ქსელის განვითარებას. შემდეგ შეიქმნა შედარებით მცირე ადგილობრივი საავადმყოფოების ქსელი, მომდევნო ეტაპზე კი ჩამოყალიბდა ვერტიკალურად ინტეგრირებული ქსელი, რომელიც მოიცავდა საექიმო- სამედიცინო ორგანიზაციებს. რაც შეეხება რეგიონულ ინტეგრაციას, აშშ-ს საავადმყოფოების ასოციაციის ინფორმაციით, ისინი დაინტერესებული არიან ასევე მსხვილი სპეციალიზებული სავადმყოფოებით და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დამოუკიდებელ სტრუქტურაში გაწევრებას, რომელსაც შეეძლება ურთიერთსასარგებლო შიდა ნორმატივების დაწესება და სამედიცინო ობიექტების მუშაობის ხარისხის ამაღლება. ეს პროცესები ზოგიერთი ექსპერტის მიერ შეფასებულია როგორც თვითორგანიზაციის მცდელობა, ამიტომაც ისინი მათ მოუწოდებენ გაწონასწორებული ურთიერთობისაკენ, რადგანაც მსხვილი სამედიცინო დაწესებულება სტაბილიზაციისათვის მოითხოვს დიდ დანახარჯებს და რთულია სამართავად.

სამედიცინო დაწესებულების ინტეგრაციის კიდევ ერთი მიმართულებაა სტრუქტურების შექმნა, რომლებშიც ჩაერთვება სადაზღვევო კომპანიები და სამედიცინო მომსახურების მომწოდებლები. მათი ურთიერთობები შექმნის პარალელურ სტიმულებს, რომელთა მოქმედებითაც ამაღლდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი და შედეგიანობა. ასევე, არსებობს ინტეგრაციის სხვა მოდელებიც, მაგალითად: ,,მენეჯერული სადაზღვევო ორგანიზაციან, ,,გაუთვალისწინებელი მომსახურეობის მიწოდების ორგანიზაციან[4]. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანია სამედიცინო დაწესებულებების დაბალანსებული და შედეგიანი ფუნქციონირება, აუცილებე- ლი კონტრაქტების გაფორმება, მართვის მოქნილი მოდელების დანერგვა.

თანამედროვე პირობებში, ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონული სამედიცინო მომსახურების ქსელის განვითარებას. არაერთ მათგანში ისინი ფინანსურ დახმარებას ღებულობენ ცენტრალური ბიუჯეტიდან. (იტალია, შვედეთი, პოლონეთი და სხვა). ამ გზით პირველ რიგში წესრიგდება სამედიცინო მომსახურების ლოკალური სისტემა. მათ ბიუჯეტში დომინირებს სოციალური ხარჯები. კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება დელეგირებული ფუნქციების განხორციელების მაღალი ხარისხით შესრულებას.

ფირმათაშორისი ინტეგრაციის ფორმები

სამედიცინო მომსახურების სფეროში ინტეგრაციული პროცესების გაცნობიერების, სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების მთავარი მხარდამჭერი ჯგუფია სამედიცინო პერსონალი. ისინი აუცილებლად უნდა იცნობდნენ ამ პროცესების თავისებურებებს, ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და მოსალოდნელი შედეგების მასშტაბებს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჯგუფზეა დამოკიდებული მომსახურების საბოლოო შედეგი, ხარისხი და ეფექტიანობა, სწორედ მათ ხელეწიფებათ ამ პროცესების სტიმულირება ან შეფერხება.

საჭიროდ ვთვლით მსჯელობის საგნად ვაქციოთ ინტეგრაციის ეკონომიკური ბუნების, ფირმათაშორისი ურთიერთობების, სამედიცინო მომსახურების ბაზრის, აქტორების, საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმების ინტეგრაციულ პროცესებში ჩართულობის საკითხები. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარების მმართველობითი ფორმების სრულყოფის ზოგადი პრინციპების შემუშავება, მათ შორის რეგიონულ დონეზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი, სოციალ-ეკონომიკური, გეოგრაფიული სტრატეგიული და რესურსული თვალსაზრისით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. რეგიონში მოსახლეობის სიმჭიდროვე, დასახლებული სოფლების გაფანტულობა, დაშორება ცენტრალური გზიდან და ადმინისტრაციული ერთეულებიდან მოითხოვს სამედიცინო მომსახურების ბაზრის განსაკუთრებული მოდელის შექმნას მასთან შეხამებული ინტეგრაციული პროცესების განხორციელებით.

ინტეგრაციული პროცესები, სხვა დარგებთან ერთად, ინტენსიურად მიმდინარეობს ჯანმრთელობის დაცვის სფეროშიც. ამ სფეროში თავისებურება ისაა, რომ მისი განვითარება ძირითადად დამოკიდებულია ფინანსურ რესურსებზე, ობიექტების ოპტიმალურ განლაგებასა და გაადგილებაზე, რაციონალურ სპეციალიზაციასა და მომსახურების სფეროების ურთიერთშეხამების ხარისხზე.

დღეისათვის აქტიურად დგას სამედიცინო მომსახურეობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხარისხი. რომლის მოგვარებაც შესაძლებელია სახელმწიფოს მარეგულირებელი მექანიზმების მიზნობრიობით, ქმედითუნარიანობით და საჭირო რესურსების უზრუნველყოფით. ეს საკითხები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში წესრიგდება შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით. ამ პროგრამების რეალიზაციით მიღებული საზოგადოებრივი კმაყოფილება ჩვენთან დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს იყო ათი წლის წინ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო მომსახურეობის ბაზარი ჯერ კიდევ შორსაა სასურველი სტანდარტებისაგან და, ჩვენი აზრით, საჭიროებს სისტემურ გარდაქმნას.

სამედიცინო მომსახურების ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების ხარისხის ამაღლების მიზნით შემუშავებული სხვადასხვა ღონისძიების რეალიზაციის საქმეში ერთ-ერთ ალტერნატივად მიგვაჩნია ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება, როგორც რეგიონულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე.

ინტეგრაციული პროცესი დასახული მიზნის შესაბამისად, შეიძლება დაიყოს რამდენიმე მიმართულებად, მათ შორის:

პირველია - სამედიცინო დაწესებულებების ძირითადი და საბრუნავი ფონდების (საშუალებები)ინტეგრაცია;

მეორე - შესაბამისი სამეცნიერო, დამხმარე პერსონალის ფუნქციონალური დატვირთის ინტეგრაცია;

მესამე - სამედიცინო მომსახურებაში ჩართული სუბიექტების-საბაზრო მექანიზმები, კერძო ბიზნესი, სამეურნეო - პროფილაქტიკური დაწესებულებები, დაზღვევა-ინტეგრაცია და მათი მიზნების დაახლოება მონათესავე დარგების სტრატეგიებთან.

მეოთხე - მართვის პროცესების ინტეგრაცია, საინფორმაციო-კომუნიკაციური და სტანდარტების მართვის სისტემის ინტეგრაცია.

მსოფლიო პრაქტიკაში არაერთი ინტეგრაციული ფორმა არსებობს. მათ შორის გამოვყოფთ ზოგიერთებს, რომლებიც ძირითადად ეგრეწოდებულ ჰიბრიდულ ხასიათს ატარებს და აპრობირებულია სამედიცინო მომსახურებაში, როგორც მოწინავე სტრუქტურები:

ფრანჩაიზინგი - ფრანჩაიზერი - იგივე სავაჭრო მარკის მფლობელი ამარაგებს ფრანჩაიზინგს ტექნოლოგიით, ფინანსური და მმართველობითი ხარჯების შემცირების მიზნით ზემოქმედებს ბიზნესზე.

კლასტერი - გეოგრაფიულ ერთეულში ლოკალიზებული საწარმოო ჯგუფი, რომლებიც ახდენენ მოწყობილობების მიწოდებას, კომპლექტაციას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვას, კონკურენციის გაძლიერებას. ისინი იქმნებიან სახელმწიფო და სამედიცინო ბაზარზე მოთამაშე სხვა საკუთრებითი ფორმების დაწესებულებათა რეგულირებისათვის.

ვირტუალური კორპორაცია - იქმნება სხვადასხვა ობიექტისაგან კონტრაქტულ საფუძველზე, მათ შეიძლება არ ჰქონდეთ ერთნაირი იურიდიული სტრუქტურა, მაგრამ იყენებენ საერთო ინფორმაციულ-კომუნიკაციურ სტრუქტურას, რომლებიც წარმატებით ასრულებენ რომელიმე პროექტს.

ფასეულობათა საინფორმაციო ქსელი - ძირითადად იქმნება ლოგისტიკური და მარკეტინგული პროცესების გასაუმჯობესებლად ერთიან ჯაჭვში და ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე. ქსელი ძირითადად კონცენტრირებულია ფირმათაშორისი ინფორმაციის დამუშავებაზე და ის ხელმისაწვდომია ყველა პარტნიორისათვის[5,გვ.221-237]. სამედიცინო მომსახურების ნდობა დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ისეთ პოზიციებზე, რაც ეყრდნობა მრავალმხრივი ალტერნატიული სიტუაციების ანალიზს და გვაძლევს გარკვეულ ქცევის მოდელს დროსთან მიმართებით.

* * *

დასასრულ, დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ სამედიცინო სფეროს ბაზარი ცალკეული გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო და სამეურნეო სუბიექტების დამოკიდებულებაა მარკეტინგის, ლიზინგის და ლოგისტიკის, ორგანიზაციული და სადაზღვევო საქმიანობების, აგრეთვე, სამედიცინო-ინფორმაციული და საგანმანათლებლო სექტორების ურთიერთშეთანხმებული და სისტემური ფუნქციონირებისათვის, რაც მიმართულია საზოგადოებისათვის, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ამაღლებისაკენ.

სამედიცინო საბაზრო სუბიექტებს შორის ინტეგრაციული ურთიერთობების აუცილებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ მოცემულ სიტუაციაში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული სამედიცინო სფეროს ფუნდამენტური ინსტიტუციური სტრუქტურა, თვითკმარობის საფუძვლები და განვითარების შესაძლებლობები. აღნიშნული პრობლემები ძირითადად თავს იჩენს რეგიონულ ბაზარზე. ამ და სხვა პრობლემების გადაჭრა მოითხოვს ბაზარზე მოთამაშეთათვის აპრობირებული მეთოდების დანერგვას, სამედიცინო და სადაზღვევო ბიზნესის ოპტიმალურ მართვას, სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქციების ეფექტიანად გამოყენებას,

დარგის ეტაპობრივი განვითარების უზრუნველყოფას, ხელმისაწვდომობის ფაქტორების შემუშავებას და მის დანერგვას სამედიცინო მომსახურების თითოეულ სფეროში, საჭირო ინვესტიციების კონცენტრაციას და მისი მიზნობრივი გამოყენების მექანიზმების შემუშავებას [5, გვ.49].

რეგიონული სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და ეფექტიანობისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ დაწესებულებათა მართვის სისტემის გაუმჯობესება ფირმათაშორისი ინტეგრაციისა და სახელმწიფო-კერძო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საფუძველზე. აღნიშნული სტრუქტურული ცვლილებები არამარტო აუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების სტანდარტების მონიტორინგს, არამედ, ქმნის სრულყოფილ საბაზრო ურთიერთობებს მომარაგების ტექნოლოგიების დანერგვის, სხვადასხვა საინფორმაციო მომსახურებასთან ერთად, პაციენტთა ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნის, სავაჭრო პოლიტიკის და სხვა აქტუალური საკითხების რეგულირების მყარ საფუძველს.

ლიტერატურა:

1. ლობჟანიძევასილ, საერთაშორისო ბიზნესის რეგულირება, თბილისი, გამომც. „ლამპარი“, 2012.

2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალები.

3. პავლიაშვილისოლომონ, პრივატიზაციის ფენომენი და პრობლემები საქართველოში,თბილისი, გამომც. „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2009.

4. Moers L. Determinants of Enterprise Restructuring in Transition: Description of

Survey in Russian Industry// Post-Communist Economies. დ 2000/ - ზ3.

5. Cурмин Ю. П. Теория систем и системный анализ: - Киев: МАУП, 2003.